თეგი: უკრაინის საელჩო

საქართველოში უკრაინის საელჩოს ცნობით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, მათ ანგარიშზე 2,5 მილიონ ლარზე მეტი ჩაირიცხა

საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის ანდრი კასიანოვის განცხადებით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მათ ანგარიშებზე 2,5 მილიონ ლარზე მეტი ჩაირიცხა. არსებული მონაცემები ანდრი კასიანოვმა მედიას გააცნო. მისივე თანახმად, საელჩოს სხვადასხვა ანგარიშზე ჩარიცხულია 2 380 625 ლარი, 57 ათას დოლარზე და 2600 ევროზე მეტი. ამ ეტაპზე, საელჩოს ანგარიშებზე რჩება 845 ლარი, 21 ათას დოლარზე მეტი და 766 ევრო. რაში დაიხარჯა საელჩოს ანგარიშზე დარიცხული თანხა, ანდრი კასიანოვმა ისაუბრა: შეძენილია 600 "საველე აფთიაქი", რომლის საფასურია 114 ათასი დოლარი; 50 ათასი დოლარი დაიხარჯა ბავშვთა კვების საშუალებებში; 90 ათას დოლარზე მეტი დაიხარჯა ტაქტიკური მედიცინის და სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად (სისხლდენის შესაჩერებელი ტურნიკეტები, დეფიბრილატორები და სხვა მასალები); 544 ათას დოლარზე მეტი დაიხარჯა სურსათის შესაძენად (ქართული და პოლონური წარმოების თევზისა და ხორცის კონსერვები). ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

დმიტრო კულება: მუქარის შემცველი წერილები უკრაინის კიდევ ორ საელჩოში მიიღეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, მუქარის შემცველი წერილები უკრაინის კიდევ ორ საელჩოში მიიღეს. დეტალების გავრცელებას უკრაინის საგარეო უწყება მოგვიანებით გეგმავს. „ესპანეთის ხელისუფლებასთან ერთად ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რათა გავარკვიოთ, ვინ დგას ამის უკან. ეჭვგარეშეა, ჩვენ გვაქვს ვარაუდი, ვინ დგას ამის უკან, მაგრამ აუცილებელია ამ კამპანიაში ჩართული აგენტების და მთელი ქსელის მიკვლევა“, - განაცხადა კულებამ. ამასთან, Reuters-ი ადგილობრივ ტელეარხ La Sexta-ზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ კონვერტი ასაფეთქებელი მოწყობილობით მადრიდში, აშშ-ის საელჩოშიც მივიდა. 30 ნოემბერს, მადრიდში, უკრაინის საელჩოსთან აფეთქების შედეგად ერთი თანამშრომელი მსუბუქად დაშავდა.

ზელენსკის ინიციატივით შექმნილი ბიზნესპლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ორგანიზაცია „ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსმა" თბილისში თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის ფარგლებშიც ალიანსი საერთაშორისო ბიზნესპლატფორმა Nazovni-ს ოფიციალური პარტნიორი გახდა საქართველოში. თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოსა და უკრაინას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას და კერძო ბიზნესის მხარდაჭერას. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ოლექსანდრ შულგამ ხაზი გაუსვა უკრაინასა და საქართველოს შორის სავაჭრო, სამრეწველო და კულტურული კავშირების მდიდარ ისტორიას და ორ სახელმწიფოს შორის ვაჭრობის ომამდელი დონის აღდგენის აუცილებლობას. საელჩოში ხაზი გაუსვეს, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და უკრაინისა და საქართველოს საზღვაო პორტებს შორის პირდაპირი საბორნე მიმოსვლის შეჩერების მიუხედავად, უკრაინელი მწარმოებლები დაინტერესებულნი არიან ქართულ ბაზარზე შემოსვლით და აქტიურად იყენებენ NAZOVNI-ის ინსტრუმენტთა კომპლექტს. „აღნიშნული მემორანდუმის ხელმოწერა მნიშვნელოვან პერსპექტივებს უხსნის ორმხრივი სავაჭრო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ორი ქვეყნის ბიზნეს წრეებს შორის დიალოგის გააქტიურებას, ქმნის ახალ შესაძლებლობებს უკრაინელი ექსპორტიორებისთვის ქართულ ბაზარზე B2B კონტაქტების აღორძინებით და იძლევა შესაძლებლობას, გააფართოოს უკრაინული პროდუქციის წარმომადგენლობა საქართველოში წამყვანი საცალო ქსელების თაროებზე. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა პლატფორმა NAZOVNI-ის მუშაობისა და მისი ინსტრუმენტების პრეზენტაცია, რომელიც ასევე შეიძლება, გამოადგეს ქართულ ბიზნესს, რომელიც დაინტერესებულია უკრაინული საქონლისა და სერვისების შეძენით“, - აცხადებს უკრაინის საელჩო.